თვითეფექტურობა და თვითშეფასება – თამარ გაგოშიძე

თვითშეფასება არის წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ფასეულობაზე, ღირებულებაზე. ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი ფენომენია და ასევე მცირეწლოვანი ასაკიდან ყალიბდება. ეს არის ჩემი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ, არა მარტო შესაძლებლობებზე, არამედ სხეულზე, პიროვნულ თავისებურებებზე. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება და ძალიან რთული კონფიგურაცია გააჩნია. იგი განუყოფელია ჩვენი „მე“-საგან, თვითეფექტურობა და თვითშეფასება თვითობისგან, იდენტობისგან; ის, რომ მე ვარ მე და როგორი ვარ მე, ეს მთლიანი „სურათი“ ჩემს თვითშეფასებაში შედის: როგორ ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პიროვნებას, მოქმედს, როგორც გარკვეული ტიპის სხეულის მატარებელს. აქ ეს კავშირი ძალიან კარგად ჩანს. მე, რომელიც არ ვაღიარებ, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვა, არ ვაღიარებ, რომ შეიძლება პირველ ჯერზევე ვერ გადავჭრა ეს პრობლემა, თვითშეფასება მიქვეითდება, ამის გამო, ღირებულების თუ ფასეულობის შესახებ ჩემი შეხედულება ძალიან კნინდება.

 

ეს მექანიზმი სწორედ ბავშვობის ასაკიდან ყალიბდება და ყველაზე კარგად მოსწავლეებსა და სტუდენტებში მძიმე სიტუაციაში ვლინდება. ჩვენთან მოსული მშობლები და მასწავლებლები ძალიან ხშირად ჩივიან კონკრეტული ბავშვის შესახებ, რომ ის არის უმოტივაციო, დაუინტერესებელი, ზარმაცი და ა. შ. აღმოჩნდება, რომ ეს ბავშვი არის ძალიან კარგი შესაძლებლობების, კარგი რესურსის მქონე, შესანიშნავი მომავალი პიროვნება, მაგრამ ამას არ ამჟღავნებს. არ ამჟღავნებს სწორედ იმის გამო, რომ საკუთარი ინიციატივების ჩახშობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს: კითხვა დასვა და დასცინეს, აზრი გამოთქვა და, თუ არ დაამცირეს ან მისი აზრი არ უგულებელყვეს, არც წაახალისეს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა ან შეცდომა ეღიარებინა. პირიქით, ბავშვს ყოველთვის აქვს შიში, რომ მისთვის ავტორიტეტული ადამიანები, მშობელი ან/და მასწავლებელი, ცუდად შეაფასებენ, დაადანაშაულებენ იმაში, რომ შეცდომა დაუშვა. ბავშვის თვალსაზრისით, ეს მის თვითშეფასებას არაღირებულს ხდის. ის ფიქრობს, რომ აღარ არის ღირებული არც მასწავლებლის, არც მშობლის თვალში და მათ ის აღარ ეყვარებათ.

 

ტექსტს, რომ „არავის ვუყვარვარ“, ახლა, მოზრდილ ასაკში უკვე აღარ ვამბობთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ. ეს ჩვენი ბავშვობის ექოა, რომელიც გვეუბნება, რომ არავის უყვარხარ, შენ ყველაზე უსახური, უფერული ხარ. ადამიანის ბუნება საკუთარი თავისადმი ასეთ დამოკიდებულებას ვერ იტანს. ილუზია, რომ ყველას უნდა უყვარდე, მართალია, ზრდასთან ერთად ქრება, მაგრამ ბოლომდე არა. ხშირად ზრდასრულ ასაკშიც ჰგონიათ, რომ ყველას უნდა უყვარდეს და იმედგაცრუებას არაადეკვატური რეაგირებები მოჰყვება ხოლმე. მერე იწყება ან ერთ, ან მეორე პოლუსზე გადახრა და ინდივიდი იძულებულია, საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას.

 

ამონარიდი წიგნიდან – თვითშეფასება