„როდესაც ბავშვებს „მსუბუქად“ ვსჯით…“ – ნაწილი I

რამდენიმე თაობის წინ, თუ კლასში მიუღებლად მოიქცეოდით, საჯდომზე წკეპლით ან სახაზავით დარტყმას მიიღებდით და, დიდი ალბათობით, სახლში ჩალურჯებებით დაბრუნდებოდით. თუმცა, შეიძლება დასჯა ამით არ ამოწურულიყო. სავარაუდოდ, სახლში მტკივნეული ცემა გელოდათ.

 

საბედნიეროდ, დღევანდელი სტანდარტები მეტად ითვალისწინებს ბავშვს. ბევრი მშობელი უარს ამბობს საჯდომზე ცემით დასჯის თუ ყველა ფორმაზე არა, უმრავლესობა მათგანზე მაინც. სკოლაში ცემით დასჯა – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორმოცდაათივე შტატში ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ – განწირულია მომავალში წარმატებისთვის. თუმცა, ბევრი მასწავლებელი, მოსწავლე და მზრუნველი პირი დარწმუნებულია იმაში, რომ დასჯის ეს მეთოდი უმართავი ბავშვების ქცევის მოწესრიგების საუკეთესო გზაა.

 

შესაძლოა იფიქროთ, რომ, თუ საჯდომზე დარტყმით დასჯა სხეულის გამოყენებით დასჯის კატეგორიას მიეკუთვნება და თუ დასჯის ეს ფორმა ზოგიერთ სკოლაში ჯერ კიდევ ნებადართულია, განსაზღვრული ხარისხით დასჯის ამ მეთოდის გამოყენება – განსაკუთრებით, ჩვენი სახლის კედლებში – უვნებელია. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ, რაც არ უნდა იყოს, დასჯის ეს ფორმა მრავალგვარია. მსუბუქ დარტყმას ან წამორტყმას გაცილებით ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე ბრაზით ჯოხის დარტყმას და შედეგებიც უმნიშვნელო იქნება.

 

თუმცა, საჯდომზე დარტყმით დასჯის შედეგები საკამათოა, რადგან მისი შესწავლა რთულია. მკვლევრებს არ აქვთ მეთოდები, რომელთა დახმარებითაც, ერთმანეთისგან გამიჯნავდნენ მსუბუქ და მეტად დამაზიანებელ საჯდომზე დარტყმით დასჯას. ამ ფორმით დასჯის მიზეზები და შედეგებიც დაუჯერებლად სუბიექტურია.

 

„ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ საჯდომზე დარტყმით დასჯის შედეგების ერთმანეთისაგან განსხვავება დასჯის მიზეზებზე, სასჯელის ამ ფორმით გამოყენების სიხშირეზე და ბავშვების ასაკზეა დამოკიდებული – შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმაზე, რომ ამ ფორმით ბავშვის დასჯა თავისთავად დამაზიანებელია, მეტისმეტად მარტივი დასკვნაა.“ – The Scientific American

 

ჩვენ არ გვსურს, მშობლებმა ძლიერი ბრალეულობის განცდა იგრძნონ შვილის ამ ფორმით დასჯისთვის, როდესაც ისინი კარგი განზრახვებიდან გამომდინარე იქცეოდნენ ასე.

 

და, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ის გვინდა, მშობლები, რომლებიც საჯდომზე დარტყმით დასჯას იყენებენ, გავაერთიანოთ მშობლების იმ კატეგორიაში, რომლებიც შვილზე ძალადობენ ან დასჯის სასტიკ მეთოდებს მიმართავენ.

 

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებები დასჯის ამ მეთოდის უარყოფით შედეგებზე მიანიშნებს.

 

ისევე როგორც ექიმები ორსულებს ალკოჰოლის მიღებისგან თავშეკავებას ურჩევენ, ფსიქოლოგებიც სთავაზობენ მშობლებს, ამ სახის სასჯელის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. რატომ უნდა გარისკოთ მაშინ, როდესაც ამ მიდგომას უამრავი რისკი ახლავს თან და არცერთი დადასტურებული დადებითი შედეგი?

 

საჯდომზე დარტყმით დასჯის რისკები

განგრძობილი და წახალისებული არასასურველი ქცევა

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ხარისხის საჯდომზე დარტყმით დასჯას ბავშვის ქცევის გამწვავება შეუძლია. ეს მიდგომა ბევრ ბავშვებს აღუძრავს სურვილს, დაგიპირისპირდენენ. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ბავშვი, რომელიც, დიდი ხნის მანძილზე, გრძნობს, რომ ვერ გაუგეს და ფიქრობს, რომ მას მხარს არ უჭერენ, ისეთ მიუღებელ ქცევებს ავლენს, რომელთა მიზანი შურისძიებაა.

 

მაგალითისათვის განვიხილოთ 4 წლის ბავშვი, რომელიც იმისთვის დასაჯეს, რომ კედლებზე დახატა. ის ახლა განრისხებულია იმიტომ, რომ მან ან არ იცოდა, რომ კედლებზე ხატვა აკრძალულია ან მას არ ესმის, რატომ არ შეიძლება კედლებზე ხატვა. სხვა თუ არაფერი, ეს კედლები უბრალოდ დგანან ერთ ადგილას, კედელი თეთრი და სუფთაა – ნუთუ ისინი გაფერადებას არ ითხოვენ?

 

შემდეგ დღეს ის კიდევ ერთხელ ცდის თავისი შედევრის კედლებზე დახატვას, რადგან ფიქრობს, რომ მისი დასჯა გაუგებრობა იყო. გარდა ამისა, მას მთელი გულით უნდა თავისი ახალი პასტელების გამოყენება და, რადგან ის სულ რაღაც 4 წლისაა, მას იმპულსის კონტროლის უნარი ჯერ განუვითარებელი აქვს.

 

თუმცა, ის ისევ საჯდომზე დარტყმით ისჯება.

 

ამჯერად, ის რისხვითაა მოცული. ის თავის ბრაზს – რომლის მართვაც ჯერ არ იცის – თავისი მშობლებისკენ მიმართავს. ეს ემოცია მას შთააგონებს, მთელი სახლის კედლებზე დახატოს იმისათვის, რომ მან მშობლებს დაანახოს, რამდენად განაწყენებულია მათზე.

 

ბუნებრივია, ეს, თავის მხრივ, ამძაფრებს მშობლის რეაქციას და, ბოლოს, ვითარება საკმაოზე მეტად იძაბება. სასჯელმა, რომლის მიზანიც კედლების მოხატვის შეწყვეტა იყო, დასჯის შემდეგ ეპიზოდს და მეტ იმედგაცრუებასა და ბრაზს დაუდო სათავე.

 

და რა იქნება შემდეგი? იმედია, არა უფრო მეტად აგრესიული და დაუნდობელი ცემა.

 

ტყუილები

ბავშვები, რომლებსაც საჯდომზე დარტყმით სჯიან, იტყუებიან.

 

დაფიქრდით ამაზე. ბავშვისთვის მარტივია, მშობელს მოატყუოს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს ისეთი შემაცბუნებელი, მტკივნეული და უსიამოვნო შედეგი, როგორიცაა საჯდომზე დარტყმით დასჯა. უმნიშვნელო, თუ დიდი ტყუილის მოფიქრება გაცილებით მარტივია, ვიდრე – ტკივილის მოთმენა.

 

ყველას გვინდა, ბავშვები სიმართლეს გვეუბნებოდნენ, მაგრამ ცემით დასჯა სიმართლის თქმის სურვილს ანელებს და აქარწყლებს. თუ ბავშვები იფიქრებენ, რომ მცდარი არჩევანის გაკეთებისთვის ისინი ცემით დაისჯებიან, რატომ უნდა იყვნენ ჩვენთან გულწრფელები?

 

იქნებ, ჩვენ სხვადასხვა დეტალის ცოდნა დაგვჭირდეს – მაგალითად, იმის, რომ ჩვენი 4 წლის ბავშვი, დაუპატიჟებლად, მეზობლის ტრამპლინიდან გადმოხტა (უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლად და ზრდასრული ადამიანების ზედამხედველობის გარეშე) და მაჯა იღრძო? იმ შემთხვევაში, თუ ის ცემით დასჯასაა მიჩვეული, დიდი ალბათობით, ის დაზიანების ნამდვილ მიზეზს დაგიმალავთ.

 

ასეთი დაუდევარი ქმედებები, თითქოს, არაფერს აზიანებს, როდესაც ბავშვები ძალიან მცირეწლოვნები არიან, მაგრამ როგორ აისახება ასეთი მიდგომა მათზე მაშინ, როდესაც ისინი გაიზრდებიან და ტყუილის თქმის შედეგები შეიძლება გაცილებით დამაზიანებელი იყოს?

 

შესაძლოა, ტყუილის თქმა და ცემით დასჯა მანკიერ წრედ გარდაიქმნას. ტყუილმა შეიძლება მშობელში ცემით დასჯის გამოყენების მოტივი გააძლიეროს, უარყოფითად იმოქმედოს მშობლისა და ბავშვის ნდობაზე, საბოლოოდ, ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობაზე დამანგრევლად აისახოს და ბავშვს თავი ისეთ ადამიანად აგრძნობინოს, რომელიც სიყვარულს არ იმსახურებს. უკეთესია, დისციპლინის უზრუნველყოფის ისეთი სტრატეგია ავირჩიოთ, რომლებიც ამ სახის რისკს არ მოიცავს.

 

აგრესია/დარტყმა

The Oxford Learner’s Dictionary საჯდომზე დარტყმით დასჯას განმარტავს, როგორც „საჯდომზე დარტყმების სერიას, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ბავშვის დასჯის მიზნით იყენებენ.“

 

ბავშვის საჯდომზე მსუბუქი „დარტყმა“ მის ცხოვრებას ვერ შეცვლის და, ალბათ, ცხოვრებისეული ტრავმის საფუძველიც ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ დისციპლინის უზრუნველმყოფმა ნებისმიერმა მიდგომამ მისაღები შედეგი ხანგრძლივი დროის შემდეგაც მოიტანოს და დანამდვილებით ვიცით, რომ არ გვინდა, ეს შედეგი დამაზიანებელი იყოს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პავლოვის მიერ აღმოჩენილ, კლასიკური განპირობების პრინციპს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილმა არასასურველი ქცევა შეწყვიტოს, ეს მიდგომა, სულ მცირე, ფარისევლურია.

 

ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, ჩვენმა შვილმა ჩვენ ან სხვა ადამიანს დაარტყას. მშობლების უმრევლესობა შეშფოთდებოდა, რომ გაეგო, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებს ურტყამს. თუმცა, ბავშვისთვის განსხვავება არაა იმაში, მას სცემენ თუ ის დაარტყამს მეგობარს სათამაშოს წართმევისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს მისი შვილისთვის საუკეთესო სურთ, სასჯელის ეს ფორმა ბავშვს ასწავლის, რომ აგრესიის დარტყმით გამოვლენა კონფლიქტის მოგვარებისა და ფრუსტრაციასთან გამკლავების მისაღები გზაა. გასაკვირი არაა, რომ კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც საჯდომზე დარტყმით ისჯებიან, მეტად არიან მიდრეკილი დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი, რომელიც ამ ფორმით ისჯებოდა, დამაზიანებელ ქცევებს ავლენს, დროა, დასჯის ამ მეთოდის გვერდით ეფექტებზე დავფიქრდეთ.

 

გავლენა შემეცნებით შესაძლებლობებზე

შესაძლოა, საჯდომზე დარტყმით დასჯამ ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაც შეაფერხოს.

 

ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტში, 2009 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომელთაც ამ ფორმით სჯიდნენ, ინტელექტის კოეფიციენტის საზომ ტესტებში გაცილებით დაბალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე ბავშვები, რომელთაც ამ მეთოდით არ სჯიდნენ.

 

დასჯის ამ მეთოდის ხანგრძლივი, უარყოფითი გავლენის წარმოდგენა განვითარების გზაზე მყოფ თავის ტვინზე, რთული არაა. რაც არ უნდა იყოს, „…ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კონფლიქტური სიტუაციებიდან გამორკვევაში, მეტ დროს ატარებენ პრიმიტიული ტვინით ფიქრში (რომელიც, დიდწილად, დამოუკიდებლად მოქმედებს), ვიდრე თავის ტვინის ქერქული ნაწილებით აზროვნებაში (თავის ტვინის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ლოგიკური აზროვნების განვითარებაზე).“ შესაბამისად, „…მათ უჭირთ ისეთი ტესტების შესრულება, რომლებიც ბავშვის ლოგიკური აზროვნებით ხელმძღვანელობის უნარს ზომავს.“ – უგო უჩე, Psychology Today.

 

დიუკის უნივერსიტეტის მიერ ათწლეულის წინ ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებსაც ასე სჯიდნენ, 3 წლის ასაკის სხვა ბავშვებთან შედარებით, აზროვნების შეფასების ტესტებში გაცილებით დაბალ ქულებს იღებდნენ. იგივე კვლევა ამბობდა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ბავშვობაში დისციპლინირებულობისთვის სხეულებრივ დასჯას იყენებდნენ, მათ შვილებს მეტი ქცევის პრობლემა ჰქონდათ მოზარდობის ასაკში.“

 

მიუხედავად იმისა, რომ საჯდომზე დარტყმით დასჯის მომხრეები დაჟინებით ითხოვენ, რომ დასჯის ეს ფორმა და ძალადობა ერთმანეთისაგან განასხვავონ, გასათვალისწინებელია, რომ ეს კვლევები მხოლოდ დასჯის ამ ფორმის შედეგებს იკვლევდა და არა – სხეულზე ძალადობის სხვა ფორმებს.

 

ზიანს დამატებული შეურაცხყოფა: საჯდომზე დარტყმით დასჯის დამატებითი შედეგები

თავისთავად ცხადია, რომ საჯდომზე წკეპლით ან ქამრით დარტყმა ბავშვს სხეულებრივად და ფსიქიკურად დააზიანებს. თუმცა, რა შეიძლება ვთქვათ საჯდომზე მსუბუქი დარტყმით დასჯაზე? უნდა ვღელავდეთ თუ არა გრძელვადიან გვერდით მოვლენებზე?

 

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერად ურტყამენ მშობლები შვილს. მთავარი ისაა, რომ ისინი დარტყმით დასჯას იყენებენ.

 

შესაძლოა, საჯდომზე დარტყმით დასჯის მიზანიც დამაზიანებელი იყოს.

 

სირცხვილის აღმძვრელი

სავარაუდოდ, სირცხვილი ერთ – ერთი არაკომფორტული განცდაა, რომელსაც ადამიანები განიცდიან. სირცხვილის განცდის დროს, გვინდა კუთხეში დავიმალოთ, ავორთქლდეთ და თავი იმაში დავირწმუნოთ, რომ სირცხვილის აღმძვრელი სიტუაცია არ მომხდარა.

 

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვის საჯდომზე დარტყმით დასჯა იმისათვის, რომ ის შევარცხვინოთ, გონივრულია. გარკვეულწილად, შეცბუნება და სირცხვილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

თუმცა, აუცილებელი არ არის ბავშვი შევარცხვინოთ იმისათვის, რომ მან თავისი ქცევა მცდარად შეაფასოს.

 

არსებობს ბავშვის დისციპლინირების გაცილებით შედეგიანი გზები, რომლებიც ბავშვში არ ჩანერგავს რწმენას, რომ ის „ცუდი ბავშვია“ და თავს შეუსაბამოდ დარცხვენილად არ აგრძნობინებს.

 

საჯდომზე დარტყმით ბავშვის საჯაროდ დასჯა უკიდურესად დამამცირებელია ბავშვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, ხშირად, ჩვენ გვინდა, ბავშვის არასასურველ ქცევას დაუყოვნებლივ გამოვეხმაუროთ, უკეთესია, ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს განარიდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეხმაუროთ მის ქცევას. (ასე მოქმედება თქვენც მოგცემთ დამშვიდების საშუალებას და იმის განსაზღვრის დროს, რა იქნება თქვენი შვილისთვის უკეთესი).

 

იმის ნაცვლად, რომ ჩვენი 4 წლის შვილი, მეგობრის საჩუქრის გახსნისთვის, მისი მეგობრებისა და მათი მშობლების თანდასწრებით, ამ ფორმით დასაჯოთ, შეგიძლიათ, ის გარეთ გაიყვანოთ და მშვიდად აუხსნათ, რა გააკეთა არასწორად. ეს მოკლებულია დარცხვენის რისკს და გაცილებით შედეგიანია, ვიდრე საჯდომზე დარტყმით დასჯა.

 

ბრალეულობის განცდის აღმძვრელი/დამადანაშაულებელი

ჩვენს შვილებში შეუსაბამო საქციელისთვის ბრალეულობის აღძვრა მარტივია. საბოლოო ჯამში, სწორედ მათ დაებადათ თავში ცუდი იდეის განხორციელება და განახორციელეს კიდეც. ისინი ნამდვილად დამნაშავეები არიან.

 

თუმცა, მიუხედავად მათი ბრალეულობისა, მიუღებელ ქცევას ყოველთვის აქვს მიზეზი და საჯდომზე დარტყმა და დადანაშაულება ამ მიზეზებს ვერ შეცვლის.

 

წარმოიდგინეთ თქვენი გოგონა, რომელიც თავის პატარა ძმას უყვირის. ოთახში შესვლის დროს ხედავთ, რომ მან ხელი კრა პატარა ძმას. თქვენ საჯდომზე დარტყმით სჯით თქვენს შვილს და ძმის ჩაგვრაში ადანაშაულებთ. რაც არ უნდა იყოს, ის უფროსია და უკეთ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს.

 

შესაძლოა, თქვენ ვერ დაინახეთ, როგორ მოქაჩა თქვენს გოგოს თავისმა ძმამ სამჯერ თმა.

 

ჩვენ არ შეგვიძლია, ყოველთვის შევესწროთ მიუღებელი ქცევის მიზეზებს. შესაბამისად, შესაძლოა, დადანაშაულება უსამართლო იყოს. ჩვენ არასდროს ვიცით დანამდვილებით, რა ხდება ჩვენი შვილის გონებაში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქცევა ერთმნიშვნელოვნად გაუმართლებელია, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ სწავლობენ თავისი ქმედებებისა და ემოციების მართვას.

 

ჩვენ არ გვსურს, ჩვენმა შვილებმა ღირსებაშელახულად იგრძნონ თავი მიუღებელი ქცევის განხორცილებისთვის დადანაშაულებიდან გამომდინარე. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება, ჩვენმა ბავშვებმა იცოდნენ არა მხოლოდ ის, რომ შეცდომის დაშვება ბუნებრივია, არამედ ის, რომ დაშვებული შეცდომები მომავალში მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

 

ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მიუღებელ ქცევას არასდროს უნდა მოჰყვეს შედეგები ან იმას, რომ ჩვენს შვილებს საკუთარ ქცევებზე დაფიქრება და კაცთმოყავრეობა არ ვასწავლოთ.

 

თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს შვილს ვუთხრათ: „რა გემართება? შენ უკეთესი მაგალითი უნდა აჩვენო შენს ძმას,“ სასურველია, თავი ავარიდოთ საჯდომზე დარტყმით მის დასჯას და ვუთხრათ „ვიცი, რომ შენი ძმა გიყვარს და ყველა უშვებს შეცდომებს. მოდი, დავილაპარაკოთ იმაზე, რა შეიძლება სხვაგვარად გავაკეთოთ.“

 

შესაძლოა, ასეთი მიდგომების გამოყენება უშედეგოდ ჩათვალოთ, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ბავშვები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა, ყველაზე ნაკლებად იღებენ მას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი, რომელსაც პრობლემური ქცევები აქვს, არათუ უნდა ვლანძღოთ ან საჯდომზე დარტყმით დავსაჯოთ, არამედ ქცევის მართვაში პოზიტიური მშობლობის პრინციპების გამოყენებით, რაც შეიძლება სწრაფად დავეხმაროთ.

 

ბრაზით/მუქარით სავსე

ჩვენი შვილებისთვის ჩვენ დიდი, მცოდნე, ძლევამოსილი და – განსაკუთრებით კი, ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვებისათვის – მათი სამყარო ვართ. ისინი ზოგჯერ მხოლოდ ჩვენ გვეყრდნობიან, როგორც მფარველებს.

 

რადგან ჩვენ ამხელა ძალაუფლება გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია, შემაძრწუნებლებიც აღმოვჩნდეთ მათთვის, როდესაც მათზე ვბრაზობთ. ბავშვები მოწყვლადები არიან, გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან და შიშის განცდისადმი მიდრეკილნი არიან.

 

როდესაც საჯდომზე დარტყმით დასჯა ბრაზისგან გამომდინარეობს და მუქარად ჟღერს, ჩვენს შვილებს სამართლიანად ეშინიათ. ჩვენ მათზე ძლიერები ვართ − გიგანტები − და ისინი ჩვენ წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ.

 

სხვას არაფერს შეუძლია ბავშვს იმდენად უსუსურად აგრძნობინოს თავი, როგორც შიშის განცდას და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, „მოვიგოთ“ ჩვენი შვილების მიუღებელი ქცევების დაწყებული ბრძოლები, თუმცა, ასეთ მიდგომას მათთვის ხანგრძლივი ფსიქიკური ზიანის მოტანა შეუძლია.

 

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

 

წყარო: https://bit.ly/2UqIGrH