ეჭვიანობა დედმამიშვილებში

ეჭვი განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც დიდი ემოციური და ინტელექტუალური თავისებურებებით ხასიათდება. ის განსაკუთრებით თავს იჩენს დედ-მამასთან და და-ძმასთან ურთიერთობაში, რადგან ასეთი ემოციები ყალიბდება ბავშვობაში და შემდეგ, ზრდასრულობაში დანარჩენ სამყაროსთანაც გადაგვაქვს. ძირითადად, გამოყოფენ ეჭვის სამ ფორმას. პირველი არის დაფარული ეჭვიანობა, რაც, ძირითადად, 6-7 წლის ასაკიდან და ზემოთ ვლინდება და ცოტათი რთულია მისი ასე მარტივად შემჩნევა; თუმცა, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს მის ფსიქოსომატურ გამოვლინებას, რაც გულისხმობს გუნება-განწყობილების დაკარგვას, ინტერესის დაკარგვას სხვადასხვა რამის მიმართ და ხშირ ავადობას.

 

მეორე, შეიძლება გამოვყოთ ნახევრად ღია ეჭვიანობა, რაც, ძირითადად, დამახასიათებელია ადრეული ბავშვობის ასაკისთვის და ის გულისხმობს ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი ხერხით – ეს იქნება ჭირვეულობა, ტირილი, ახირებები, სიჯიუტე თუ ნებისმიერი მსგავსი ხერხით მშობლებისა თუ ახლობლების ყურადღების მიპყრობა. ასევე, შეიძლება იყოს რეგრესიც, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების მივიწყებას, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ჩვილ ბავშვად გასაღება, რათა მიიღონ მეტი ყურადღება მშობლებისგან.

 

მესამე ფორმაა აგრესიული ეჭვიანობა, რომელიც, ძირითადად, ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგებით არის წარმოდგენილი და შეიძლება იყოს როგორც დამაზიანებელი სხვის მიმართ, ასევე თვითდამაზიანებელი. დედმამიშვილზე ეჭვიანობა, ძირითადად, განპირობებული არის ხოლმე შიშით; შიშით იმისა, რომ შეიძლება დაკარგოს ბავშვმა ყურადღება დედ-მამის; სიყვარული და მეტი დროის გატარების შესაძლებლობა მათთან. პრევენციული სახით, დასაწყისში რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის უფროსი ბავშვის მომზადება მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე, რაც გულისხმობს იმას, რომ როცა დედა ზის და ესაუბრება მუცლად მყოფ ბავშვს და ასევე, აუხსნას მის უფროსს, რომ შენც ზუსტად იმავენაირად გესაუბრებოდით და ზუსტად იმავე სიყვარულითა და მოლოდინით გელოდებოდით მე და მამა.

 

ხშირად, როდესაც უფროს ბავშვს ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად ამზადებენ, არაობიექტურ წარმოდგენებსა და მხოლოდ დადებით მოლოდინს უქმნიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისშივე, როცა ვეუბნებით, რომ შეიძლება გაჩნდეს მისი პარტნიორი თამაშში, მისი მეგობარი, თანამოაზრე… ასევე, შეიძლება პატარას დასჭირდეს განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით ბევრი დრო და ჩვენი მხარდაჭერა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ვუთხრათ ის, რომ ამ ყველაფერთან ერთად, დედას ჰყავს ეს უფროსი ბავშვი, რომელიც დაეხმარება, მიიღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და ძალიან გაუადვილებს მშობლებს მთელ ამ პროცესს. ასევე, ძალიან დაგვეხმარება, თუ უფროს ბავშვს ვაჩვენებთ თავისი ბავშვობის ფოტოებს, ვიდეოებს; თვითონვე აღიქვამს როგორი იყო მთელი ეს პროცესი – როგორ სწავლობდა დამოუკიდებლად სიარულს, ცოცვას, ჭამას და ეს ყველაფერი ისევ თავიდან მოხდება, თუმცა ამ პროცესის უშუალო და მნიშვნელოვან წარმომადგენლად და მხარდამჭერად უნდა მიიღოს საკუთარი თავიც. თუმცა, რამდენად ტაქტიანად და დელიკატურადაც არ უნდა ვეცადოთ უფროსი ბავშვისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას და მომზადებას, მაინც იქნება ეჭვიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ შევხვდეთ ემოციურად მომზადებულები. ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ ავუკრძალოთ იმ ემოციების გამოხატვა, რომელიც მას სურს. ეს ჩვენთან ნდობას უფრო გაუღრმავებს მას და უფრო მეტად იგრძნობს იმას, რომ ახალი წევრის დაბადებასთან ერთად, ისიც იგივე მნიშვნელობით რჩება მნიშვნელოვანი ჩვენთვის და იგივე დოზით გვიყვარს, როგორც აქამდე გვიყვარდა.

 

ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ შეიმეცნოს და შეიცნოს პატარა არსება და აქ არ უნდა გამოგვეპაროს ბავშვების განვითარების თავისებურება, რომ ისინი ყველაფერს შეიცნობენ აქტიურად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ უფლება შეეხონ, მოეფერონ, ჩაეხუტონ, აიყვანონ ხელში და იზრუნონ მათზე. შეიძლება ეს იყოს ფიზიკური ზრუნვა – დაახურონ ქუდი პატარა ბავშვს, ჩააცვან წინდა, მოგვიტანონ საფენი, როცა გამოცვლა გვჭირდება… თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაჭერა, რომ ეს მზრუნველობა ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს უფროს ბავშვს. აუცილებელია, წავახალისოთ მისი ყველა სურვილი, რომ გამოთქვას დახმარება და აუცილებლად უნდა შევაქოთ როგორც პირადად, ასევე, საჯაროდ აღვნიშნოთ, რომ „ აი, ეს რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა!“ –  დაახლოებით, ასეთი ტიპის ტექსტებით… „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ მყავხარ და ძალიან მეხმარები და მიადვილებ ამ ყველაფერს“…  არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ ვალდებულებების დაკისრება, რომ აუცილებლად უნდა იზრუნო, შენი ნება იქნება ეს თუ არ იქნება.

 

დედმამიშვილის გაჩენას ყოველთვის ახლავს თან დეფიციტი. თუმცა, ბავშვებს აქვთ ამისი უნარი და შესაძლებლობა, რომ ადაპტურად გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და შეიძლება, ერთგვარი გამოწვევადაც მივიღოთ ეს მათი ეგოცენტრულობის დაძლევისას და ზუსტად ამ კრიზისულ პერიოდში, მნიშვნელოვანია სწორად დავეხმაროთ. ჩვენი მხრიდან, სწორი ემოციური დახმარება იქნება ხშირი შეხება, ჩახუტება, მოფერება და გრძნობა იმისა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის და ასევე, მისი უმცროსი დისა თუ ძმისთვის.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, არ შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს. ეს უფრო მეტად გააძლიერებს მათი მეტოქეობის სურვილს და შედარების ნაცვლად, სასურველია, რომ წავახალისოთ და აღვნიშნოთ მათი განსაკუთრებული და უნიკალური თვისებები. ზუსტად ამ განსხვავებულობის გამო, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ქონდეთ თავიანთი პირადი სივრცე, რომელიც იქნება ერთმანეთისგან განცალკევებული. თუ ბავშვები შეძლებენ თავიანთი განსხვავებული ინტერესების დაკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში და ერთ სივრცეში იყვნენ, ახლა ეს კიდევ უფრო დაძლევს მეტოქეობის და პაექრობის სურვილს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვებს ერთად უთმობთ დროს, ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ დრო დავუთმოთ, ასევე, ცალ-ცალკე. შეიძლება დღეში ეს იყოს სულაც, ოცი წუთი ან ნახევარი საათი, მაგრამ უნდა იყოთ თავიდან ბოლომდე მასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ დავკავდეთ მისი ინტერესების შესაბამისად – ეს იქნება ფილმის ყურება, საუბარი, თამაში, ხატვა თუ სხვა – უბრალოდ, უნდა იგრძნოს, რომ ის პერიოდი და ის პროცესი, ვართ მხოლოდ მისი და ვართ მხოლოდ მასთან. და იქნება სხვა ოჯახის წევრი თუ არა, ეს ჩვენს მიკუთვნებულობას არ ცვლის. იშვიათად, მაგრამ არსებობს საპირისპირო ეჭვიანობაც; რაც გულისხმობს უმცროსი ბავშვის ეჭვიანობას უფროსზე. თუმცა, ეს შედარებით მარტივად გადალახვადია ზუსტად იმის ხარჯზე, რომ აქამდე, როცა უფროსი იჩენდა საკუთარი ემოციებით და სურვილებით მასზე მზრუნველობას, აი, ეს განაპირობებს იმას, რომ უმცროსს აქვს მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული უფროსის მიმართ; დაახლოებით ისე, როგორც მშობელთან მიმართებით და ზუსტად ეს აადვილებს, აი, ამ ეჭვიანობის დაძლევას. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ შესაძლებელია, შეამციროთ ან შეამსუბუქოთ ეჭვიანობა, მაგრამ ამას სრულად ვერ აღმოვფხვრით, იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი; უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი დადებითი ემოციებით შევამციროთ ამ ეჭვიანობის მანიფესტაციების რაოდენობა ჩვენი სიყვარულისა და დადებითი ემოციების ხარჯზე. ბავშვმა უნდა ისწავლოს ეჭვიანობის განცდა და არა მისი დამალვა. სწორად ეს ჯანსაღი ეჭვიანობის განცდა და თვითაღქმა დაეხმარება ზრდასრულობის ეტაპის ჯანსაღად გავლაშიც.

 

 

ამონარიდი აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ფსიქოლოგ მარიკა ლაზიშვილის ლექციიდან.