ნეიროფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ჩვენი თავის ტვინი საკმაოდ რთულად ორგანიზებული სტრუქტურაა, რეალურად ადამიანი კი იბადება ყველა მზა სტრუქტურით, მაგრამ დაბადების შემდეგ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფუნქციები სტრუქტურულად განვითარდეს, დაიხვეწოს, დიფერენცირდეს. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად კუნთთან დაკავშირებული ანალოგია. სპორტსმენის კუნთთა სისტემას და ჩემს კუნთთა სისტემას ვადარებ ერთმანეთს. რა არის განსხვავება? სტრუქტურულად ორივეს გვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ სპორტსმენის კუნთები ბევრად უფრო დახვეწილი, მოქნილი და ძლიერია და ბევრად უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს მას, იმიტომ, რომ ის მიზანმიმართულად ავარჯიშებს მათ. შესაბამისად, თავის ტვინსაც სჭირდება ვარჯიში; ვარჯიში ხელს უნდა უწყობდეს თავის ტვინის ყველა სტრუქტურის ერთობლივ მოქმედებაში მოყვანას. ერთობლივ მოქმედებაში მოყვანა ნიშნავს, რომ გამოცდილება ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ფსიქოლოგებს მშობლებისთვის ან მშობლებს საკუთარი თავისთვის ალბათ ხშირად დაუსვამთ კითხვა: უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ხოხვის შესაძლებლობა? ყველანი ვთანხმდებით, რომ უნდა მივცეთ მას ამის შესაძლებლობა, მიხედავად იმისა, რომ წმინდა ჰიგიენური თვალსაზრისით, გარემო შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. გაადაგილების თავისუფლება რეალურად და გინდაც კოგნიტურად, მხედველობითი და სივრცითი აღქმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის ტვინის კეფის წილიდან მოდის . ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ ბავშვი განვითარების შემდეგ საფეხურზე ავიდეს. სამყაროს შემეცნება საშუალებას აძლევს, რომ იკვლიოს სიახლეები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩატარდა კვლევა (რომელიც ახლა არაეთიკურად ითვლება), რომელიც მიმდინარეობდა ბავშვისათვის სენსორული დეპრივაციის ფონზე, რაც ნიშნავდა, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად ცარიელკედლებიან ოთახში, მას არავინ ელაპარაკებოდა, მხოლოდ აძლევდნენ საჭმელს და ზრუნავდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე. ცდისპირს არ ჰქონდა ადამიანებთან აქტიური ურთიერთობისა და გარემოს შესწავლის შესაძლებლობა. შედეგად, შეფერხდა ბავშვის განვითარება. როდესაც, მისი ტყუპისცალის შემთხვევაში, გარემო იყო უზრუნველყოფილი და იქ აბსოლუტურად პიკურად მოხდა განვითარება.
აღზრდის პროცესი იწყება დაბადებიდანვე და ბევრი ფსიქოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუცლადყოფნის პერიოდიც ბავშვის აღზრის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. „მუსიკა უნდა მოვასმენინო, თუ არ უნდა მოვასმენინო?“, „რა ტიპის მუსიკა უნდა მოვასმენინო?“, „ველაპარაკო თუ არ ველაპარაკო?“ „ წავუკითხო ზღაპარი თუ არ წავუკითხო?“ ეს არის მრავალფეროვანი გამოცდილების მიცემა. სხვადასხვა თაობის ოჯახის წევრები ხშირად კონფლიქტში არიან გამოცდილების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით და აი, აქ ისმის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა (დავიწყოთ მაგალითად ჩაცმა–გახდიხან) – რას აძლევს ბავშვისთვის იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ მან თვითონ, „ცდის და შეცდომის მეთოდით“ ჩაიცვას და გაიხადოს? რას სწავლობს ბავშვი იმით, როდესაც მას ეძლევა საშუალება, რომ თვითონ გაიხადოს? საკუთარ თავს თვითონ აკონტროლებს! კიდევ? დამოუკიდებლობას სწავლობს. ხვდება, რომ შეუძლია! გემოვნებას სწავლობს! რეალურად, ის მარტივი რაღაც, რომელიც დაკავშირებულია უბრალოდ მარტივ ჩაცმა–გახდის პროცესთან, ბავშვს ასწავლის დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვან უნარებს, რომელთაგან ერთ–ერთია თვითშეფასება და რომელიც საშუალებას აძლევს მას, რომ გარისკოს. საკუთარ თავზე წარმოდგენის თვალსაზრისით, იცოდეს, რომ მე შემიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა. თან უსაფრთხოდ შემიძლია, იმიტომ რომ არავინ მეჩხუბება იმის გამო, სწორად ჩავიცვი თუ არა.
მოდით, ახლა მსჯელობა წარვმართოთ ნეიროფსიქოლოგიის კუთხით. იმისათვის, რომ ბავშვმა გაიხადოს ტანსაცმელი, ელემენტარულად, მას სჭირდება საკუთარი სხეულის ფლობა. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იცოდეს საკუთარი სხეულის ნაწილების მდებარეობა, შეეძლოს ღილების გახსნა, ელვა შესაკრავის აწევა–ჩამოწევა, ტანსაცმლის წაღმა–უკუღმის გარჩევა, თანმიმდევრობის განსაზღვრა. ხშირად მშობელს მარტივი, ყოფითი აქტივობები არაფრად მიაჩნია და ფიქრობს, რომ „ჯობია, რომ მე სწრაფად ჩავაცვა, სწრაფად ვაჭამო, მოვაწესრიგო და დავსვა სამეცადინოდ“. სინამდვილეში ეს– „დავსვა სამეცადინოდ“– შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების თვალსაზრისით და ბედნიერების განცდისთვის, ვიდრე ის მომენტი, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, რომ თვითონ გაიხადა, იგრძნოს სიამაყე, ფეხსაცმელი რომ გაიძრო პირველად. ეს მომენტი არის ძალიან მნისვნელოვანი და სწორედ ამ დროსაა საჭირო მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან.
ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული.
სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉 სალონური საუბრებიდან