შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის აღზრდაზე საუბრისას ჩვენ, უფროსები ვართ ყველაზე მნიშვნელოვანები და ბავშვისგან იმას არ უნდა ვითხოვდეთ, რისი მოდელირებაც ჩვენ თვითონ არ გაგვიკეთებია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენგან მხარდაჭერა და წახალისება, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი მცდელობების, ძალისხმევის დანახვა და მივცეთ მათ დადებითი უკუკავშირი. დადებითი უკუკავშირი აუცილებლად ტაშის დაკვრას არ ნიშნავს, ეს უპირველესად აღიარებაა. აღიარება თავის თავში დავალებების გართულებასაც მოიაზრებს. მე გაძლევ მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობას, გაძლევ კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობას.
ამასთან, კონკრეტული ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მშობელი უნდა განსაზღვრავდეს, რომელი ბავშვის შემთხვევაში შეუძლია თქვას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთად გაისეირნებენ, ჯილდოს სახით და რომელი ბავშვის შემთხვევაში უნდა თქვას, რომ „ყოჩაღ, ძალიან ლამაზი მზე დამიხატე“ და ახლა წამოდი, გავისეირნოთ. დაჯილდოებასთან დაკავშირებით, არსებობს ერთი აუცილებელი პირობა–თანმიმდევრულობა, რაც ნიშნავს, რომ თუ ბავშვს დაპირდი, უნდა შეუსრულო და თუ ეჭვი გეპარება შესრულებაში, ჯობია საერთოდ არ დაპირდე. დაპირებებთან დაკავშირებული თემა არის ბავშვისა და მშობლების ურთიერთობაში ერთ-ერთი რთული საკითხი, იმიტომ, რომ ნდობა და ნდობის დაკარგვა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ამ დაპირებების შეუსრულებლობასთან. როდესაც ბავშვს ჰპირდები ზოოპარკში გასეირნებას და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა სასწრაფო საქმე გამოგიჩნდა, ამიტომ მას დედიკოსთან და მამიკოსთან ზოოპარკში წასვლის ნაცვლად, ისევ ბებიასთან მოუწევს დარჩენა(თუმცა ბებია ძალიან უყვარს), მისი მოლოდინები არ მართლდება და მომდევნო დაპირებაზე პასუხად მიიღებთ, რომ „თქვენ მაინც არასოდეს მისრულებთ დაპირებას და ამიტომ არ გავაკეთებ იმას, რასაც ჩემგან მოელით; იმიტომ რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რასაც მე თქვენგან მოველი“.
მოლოდინების ეს მარტივი გაცვლა, შორეულ პერსპექტივაში საკმაოდ ნეგატიურია. ერთ–ერთმა სამეცნიერო ჟურნალმა გამოსცა რამდენიმე წლის მანძილზე დაკვირვების შედეგად განხორციელებული კვლევის შედეგები: უსაფრთხო მიჯაჭვულობა, ანუ უსაფრთხი გარემოში აღზრდა და უსაფრთხო ემოციური კავშირი მშობელსა და ბავშვს შორის ზრდასრულობაში სტრესისადმი გამძლეობას უზრუნველყოფს. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანს ექნება ძლიერი იმუნური სისტემა და მეტი გამკლავების სტრატეგიები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული.
სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉 სალონური საუბრებიდან