იმდენი რამე მაქვს სათქმელი მიჭირს ვთქვა „რამე“…
დღეს 2 აპრილია, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. მინდა მოვახერხო ვთქვა „რამე“ ჩემს მეგობრებზე, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ. არავის არაფერს მოვუწოდებ, რადგან მოწოდებები ხშირად გვაშორებს ამ მოწოდებების მიზანს, იმ ხიბლს, რაც შეიძლება სინამდვილემ მოგვცეს.
ცოტა ხნით, ვეცდები გავხდე თქვენ, ჩემო მეგობრებო:
გამოგიცდიათ, როცა ვერ ხვდებით სხვა რას გეუბნებათ ან თქვენი საუბრის არ ესმის სხვას სწორად? – მე შეიძლება უფრო მძაფრად და ხშირად მქონდეს ეს გრძნობა. გამოგიცდიათ, მარტო ყოფნის ძლიერი სურვილი, როცა დამღლელი და უინტერესოა ყველანაირი ურთიერთობა?- უბრალოდ მე ეს უფრო ხშირად და მძაფრად შეიძლება ვიგრძნო. ან ვინც მგრძნობიარე ხართ, ურთიერთობებისგან გამოწვეული გრძნობებით, გაუგებრობით არ დაღლილხართ? ან ხშირად შემაწუხებლად არ გიფიქრიათ თქვენს განვლილ ქმდებებზე? – მე ასეთი შინაგანი გამოცდილება და ფიქრები შეიძლება უფრო ხშირად მქონდეს.
გამოგიცდიათ, როცა გიჭირთ საკუთარი თავის გაგება, რა გინდათ ვერ ხვდებით, ან არ იცით რას გრძნობთ და ამის გამო შფოთავთ?- მე უფრო მძაფრად და ხშირად შეიძლება მქონდეს ეს გრძნობა. გამოგიცდიათ, როცა ხმაური ისე გაწუხებთ რომ გინდათ გაეცალოთ ამ სიტუაციას და ყურებზე ხელები აიფაროთ და ცოტა ხნით სიჩუმეში იყოთ? – მე ასეთი შეგრძნება უფრო დაბალ ხმებზე და ხშირად შეიძლება მქონდეს. გამოგიცდიათ, როცა ძალიან შფოთავთ ან გეშინიათ და ამისთვის რაღაც აკვიატებულ ჩვევბს ან რიტუალებს მიმართავთ (მაგალითად: ნაბიჯების ან საგნების თვლა, მარჯვენა ფეხით ადგომა, ან აკვიატებული გადამოწმება- გამორთეთ თუ არა გაზქურა და. აშ.)? – მე ასეთი შფოთვა უფრო გამძაფრებული და ქცევები მრავალფეროვანი შეიძლება უფრო ხშირად მქონდეს, ამიტომ შეიძლება ჩემი ქცევა ხშირად უცნაური მოგეჩვენოთ.
გამოგიცდიათ ის გრძნობა, როცა რაღაცისთვის იყავით მზად და უცებ იგებთ რომ სხვანაირად იქნება ეს რაღაც, უნდა გადააწყოთ თქვენი მზაობა და განწყობა სხვა ქცევისთვის? – მე შეიძლება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი ქცევის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით მქონდეს ასეთი რეაქცია. გამოგიცდიათ როგორი რთულია ყოველდღიური რუტინის შეცვლა, მაგალითად, აღარ უნდა წახვიდეთ სამსახურში და იმუშაოთ/ისწავლოთ სახლიდან- მე გარემოში მიმდინარე უფრო მცირე ცვლილებებზე შეიძლება მქონდეს მსგავსი გრძნობა. გამოგიცდიათ, როცა უცხო ენაზე უცხოელისთვის რაღაცის თქმა გინდათ და ის კონკრეტული სიტყვა/წინადადება არ იცით და ვერ აგებინებთ? – მე შეიძლება ამ სიტუაციაში ხშირად ან ხანდახან აღმოვჩნდე.
თქვენ არ გახსოვთ ეს შინაგანი გამოცდილება, მაგრამ ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკში ყველას გამოგვიცდია, როცა რაღაცის თქმა გვინდა და ჯერ ვერ ვმეტყველებთ (და როგორი სასიხარულოა, როცა მიგვიხვდებიან სათქმელს)- მე შეიძლება ეს მდგომარეობა უფრო დიდხანს გამიგრძელდეს, შეიძლება- არც. გამოგიცდიათ, როცა საყვარელ ნივთს კარგავ, როგორ მტკივნეულად განიცი და ამ დროს გეუბენბიან – „ნივთია, რა უჭირს“, თქვენთვის კი უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ ნივთი – მე ბევრი ასეთი ნივთი შეიძლება მქონდეს, რომელიც სხვებისთვის უმნიშვნელოა.
გამოგიცდიათ, როცა რაღაცის კეთებას გთხოვენ, იმიტომ რომ მათ სურთ ასე და თქვენ საერთოდაც არ გსურთ ამის კეთება, თან ვერც ხვდებით, რატომ უნდა მოიქცეთ ასე- მე ასეთი სიტუაცია შეიძლება უფრო ხშირად მქონდეს. გამოგიცდიათ, როცა შფოთავთ, ვერ ისვენებთ და ქაოტურ ქცევებს მიმართავთ?- მე ეს შეიძლება უფრო ხშირად და გამძაფრებული მქონეს. გამოგიცდიათ, როცა ვერ უმკლავდები შენს აფექტებს, შიშისგან თუ შფოთვისგან გამოწვეულ ბრაზს და შეიძლება ისე გამოხატო ეს უცებ, რომ შემდეგ ინანო?- მე ასე შეიძლება ხშირად დამემართოს.
გამოგიცდიათ, როცა იმისთვის, რომ შინაგანი ტკივილი უფრო თვალსაჩინო გახადო საკუთარ თავს აზიანებ?- მე ამის სურვილი შეიძლება მქონდეს.
ამას ეძახიან რომ, სახეზეა: კომუნიკაციის (საკუთარ თავთან, სხვებთან და გარემოსთან) სპეციფურობა, სტერეოტიპული (აკვიატებული) ქცევები და მეტყველების სირთულეები.
და აქვე:
გამოგიცდიათ, როცა გულრწფელი ხარ? -როგორი თავისუფალი შეგიძლია იყო და რამდენი რამე შეიძლება ასწავლო სხვას ამით – მე ჩვეულებრივ ასე ვიქცევი. გამოგიცდიათ უპირობო სიყვარული, როცა მნიშვნელობა მხოლოდ ადამიანის პიროვნულ ღერძს აქვს და ყველა სხვა გარემოება უმნიშვნელოა ამ გრძნობისთვის- მე თუ მიყვარს, ასე მიყვარს და სხვებსაც ვასწავლი ასეთ სიყვარულს. ნაკლებად ვსაუბრობ ქვეტექსტებით, მაგრამ ამით ადამიანებს პირდაპირ მივანიშნებ მათი ქცევის ზემოქმედებებზე და საქმეს ვუმარტივებ.
შემიძლია ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე ბევრი რამ უფრო თვალსაჩინო გავხადო და დავაფიქრო ისინი ამ მიმართულებით. გამოგიცდიათ, როცა შენ თვითონაც არ იცი როგორ, მაგრამ რაღაც არხით სასწაულად გრძნობ ადამიანების განწყობებს და ემოციებს -ეგრევე „იჭერ“ – მე ეს ძალიან კარგად გამომდის – რამდენი რამე შეგიძლია ამით ასწავლო მეგობრებს. მე შემიძლია ისეთი საინტერესო სამყარო ვაჩვენო სხვებს (ჩემს მეგობრებს), რასაც სხვა შემთხვევაში ალბათ ვერ ნახავდნენ, დავაფიქრო ბევრ საინტერესო საკითხზე და ადამიანის სხვა რესურსებზე. მე შემიძლია გავათავისუფლო ისინი, დავეხმარო ჩარჩოებს მიღმა გაიხედონ. მე შემიძლია ვასწავლო დაუფიქრდნენ სიტყვების მნიშვნელობას და უფრო ნამდვილი გახადონ ისინი- სიტყვებში ჩადონ ნამდვილი შინაარსი. შემიძლია ვასწავლო სხვებს, მოუსმინონ საკუთარ თავს, დაინახონ და მიიღონ საკუთარი განსხვავებულობები და გამოსცადონ როგორ განსაკუთრებულს ხდის ეს და აძლიერებს მათ და გარშემო მყოფებსაც. შემიძლია ვასწავლო ნამდვილად მოუსმინონ სხვებს, უფრო მეტად დააკვირდნენ რას ამბობენ ისინი უსიტყვოდ, ამით კი მიიღებენ მათგან სიხარულს და კეთილგანწყობას. სწორედ ამიტომ, არანაირი სხვა განსაკუთრებული ნიჭით სირთულეების კომპენსირება არ მჭირდება.
ხელოვნებაში თუ მეცნიერებაში განსაკუთრებული უნარები შეიძლება ისევე მქონდეს, როგორც რომელიმე თქვენგანს, ამას ჩემი დიაგნოზი არ განაპირობებს. შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი, განსხვავებული ფორმებით – შეუმჩნევლად, მსუბუქად ან ძლიერად იყოს გამოხატული.
მე ვსწავლობ, გავითვალისწინო არა მარტო საკუთარი თავი არამედ სხვებიც. მეც იგივე მჭირდება, გარშემომყოფებისგან, რომ მათთან ერთად ყოფნა ჩემთვისაც საინტერესო იყოს.
და მე:
მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც არსებობთ და მასწავლით… თქვენთან ურთიერთობის სურვილი მაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას, ვაკეთო უფრო მეტი იმისთვის, რომ უფრო ხშირად გრძნობდეთ თავს კარგად და იმისთვისაც, რომ თქვენც გინდოდეთ ჩემთან ურთიერთობა. მადლიერი ვარ თქვენი მშობლების, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ სიძლიერის, ცხოვრების არსის პოვნის მაგალითები. მადლობელი ვარ ჩემი აკადემიური მასწავლებლის, ვინც პირველად მაზიარა ამ ხიბლს. მადლობელი ვარ ჩემი სხვა კოლეგების, რომლებიც ერთმანეთს ვზრდით პროფესიულად და მუდმივად ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ვიზრუნოთ უკეთ ყოფნაზე და როგორ გავხადოთ განსხვავებულობებით თანაცხოვრება მეტად სასიამოვნო და მომხიბვლელი.
ჩემს ირგვლივ არიან კიდევ სხვა ადმაიანები, რომლებიც ხშირად იყურებიან მათ გარშემო, ხედავენ სხვა ადამიანებს და კიდევ სხვა ბევრ მშვენიერ ქმნილებას, შეუძლიათ იყვნენ გულრწფელები, გარეთ გამოიტანონ თავიანთი უნიკალურობა, აღიარონ საკუთარი თავი და სხვები და უკეთ მოუსმინონ. მადლიერი ვარ მათი (თქვენი), ამით ისინიც ჩემი მასწავლებელიც არიან.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ლექტორი, ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე.