როგორ შევუქმნათ ბავშვს სასკოლო მზაობა

სასკოლო მზაობის პროგრამაზე გადასვლა ბევრი ბავშვისთვის გამოწვევებითაა სავსე.

 

საბავშვო ბაღიდან სასკოლო მზაობის პროგრამაზე გადასვლა ბავშვებისთვის ბევრი გამოწვევითაა სავსე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი რამდენიმე წლის მანძილზე საბავშვო ბაღში დაგყავდათ, სავარაუდოდ, ის თქვენთან განშორებისგან გამოწვეულ ძლიერ შფოთვას განიცდის: ის იცნობდა მასწავლებლებს, შენობას, დღის განრიგსა და ქცევის წესებს. შესაძლოა, თქვენი შვილის ბევრი მეგობარი სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებდეს განვითარებას. შესაძლოა, თქვენი შვილი რამდენჯერმე მაინც ყოფილა სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ ახალ ბაღში და შენობასაც კი შფოთვა აღუძრავს მასში. შესაძლოა, თქვენ ხშირად იმყოფებით ახალ ბაღთან ახლოს და ეს თქვენს შვილს მუდმივად ახსენებს წინ გადასადგმელ ნაბიჯს. შესაძლოა, ნათესავები და მეგობრები თქვენს შვილს ისეთი ფრაზებით ხვდებოდნენ, როგორიცაა: „როგორ გაზრდილხარ. ცოტა ხანში დიდი ბიჭების სკოლაში დაიწყებ სიარულს.“

 

არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღესაც თქვენი შვილი გამოგიცხადებთ: „მე ახალ ბაღში წასვლას არ ვაპირებ.“ ნაწილობრივ, ამ განცხადებას მისი შფოთვა უდევს საფუძვლად, რომელიც სიახლის თანმხლები განუსაზღვრელობის აღძრულია. თუმცა, მეორე მხრივ, ამას ზრდასთან დაკავშირებული შფოთვაც განაპირობებს. რა თქმა უნდა, „დიდი ბავშვების ბაღში“ სიარული აღმაფრთოვანებელია – ის მასზე უფროსი დედმამისშვილების და ნათესავების მსგავსად იცხოვრებს, თუმცა, ის ამავდროულად, ბავშვობის ნაწილს თმობს. როდესაც ბავშვები წინ დგამენ ნაბიჯს, ისინი შფოთვას განიცდიან. ასევე, ბუნებრივია, განვითარების წინა საფეხურზე არსებული გამკლავების მექანიზმების გააქტიურება: მაგალითად, ცერა თითის წოვა ან უნებლიედ შარდვა. მას შემდეგ, რაც ისინი თავს უფრო მყუდროდ იგრძნობენ, ეს ქცევები ქრება. თქვენს შვილს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ის განვითარების ახალ, განსხვავებულ საფეხურზე გადადის.

 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სვლა, რაც თქვენს შვილს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას გაუმარტივებს:

  1. როდესაც თქვენი შვილი ამბობს, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ ბაღში წასვლა არ უნდა, თავი შეიკავეთ მასთან ისეთ საკითხებზე კამათისგან როგორიცაა, რატომ სჯობს განათლებაზე ზრუნვა მინიმალურ სახელფასო განაკვეთზე მუშაობას. ნაცვლად ამისა, იზრუნეთ მის შფოთვასთან გამკლავებაზე. ჰკითხეთ მას, რას ელის ბაღში. თუ ის ამბობს, რომ იქ არავინ იქნება ისეთი, ვინც მას საპირფარეშოში წაიყვანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, იმაზე ღელავს, რომ მასზე არავინ იზრუნებს. დაარწმუნეთ ის იმაში, რომ საბავშვო ბაღში არიან მასწავლებლები, რომლებიც მასზე იზრუნებენ.
  2. სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სცადეთ, გააცნოთ ერთი ბავშვი მაინც, ვინც მასთან ერთად იქნება ჯგუფში. თუ მას ერთი მეგობარი მაინც ეყოლება ჯგუფში, უფრო მარტივად შეეგუება სიახლეს.
  3. დაარწმუნეთ თქვენი შვილი იმაში, რომ სასკოლო მზაობის ბაღი მის ძველ ბაღს ჰგავს. მას იქ სათამაშოები, თამაში, ეზოში დროის გატარება და ხემსები ელოდება. თოჯინების ან ფიგურების გამოყენებით ითამაშეთ ახალ საბავშვო ბაღში გატარებული ერთი დღის ამსახველი თამაში. ეს თქვენს შვილს სიმშვიდის განცდაში დაეხმარება.
  4. განიხილეთ ზრდასთან დაკავშირებული წინააღდეგობრივი განცდები პირდაპირ. მშვიდ გარემოში უთხარით: „ზოგჯერ დიდ გოგოდ (ბიჭად) გადაქცევა რთულია. შენ ხომ პატარა გოგოობას (ბიჭობას) ემშვიდობები. ყველა ბავშვი იმას გრძნობს, რასაც შენ.“ სიხარულით აღნიშნეთ, რამდენ ახალ რამეს ისწავლის ახალ ბაღში და სთხოვეთ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს, რომ თავი შეიკავონ იმის ხაზგასმისგან, რომ ის უკვე დიდი ბიჭი ან გოგოა.
  5. თუ თქვენს შვილს უნდა ისე გეჭიროთ, როგორც ჩვილი ან უფრო მცირეწლოვანი ბავშვი, შეგიძლიათ, მას სურვილი შეუსრულოთ. ამაში შემაშფოთებელი არაფერია. როდესაც ის ახალი საბავშო ბაღის გარემოს შეეჩვევა, ეს ქცევებიც შეწყდება.
  6. გახსოვდეთ, რომ თქვენც განშორების გავლენას განიცდით. თქვენი შვილი იზრდება. სკოლისთვის მოსამზადებელი ბაღი გაცილებით ნაკლებად პირადული იქნება, ვიდრე ბაგა – ბაღი. შესაძლოა, თქვენ არ გქონდეთ ბავშვთან ერთად კლასში ხშირად დარჩენის ან მასწავლებელთან ხშირად საუბრის ფუფუნება. ცოტა ხნის შემდეგ, თქვენ და თქვენი შვილი ამ ცვლილებებს შეეგუებით. შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ თქვენი შვილის თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯისთვის თქვენ დაჯილდოვდებით. ცოტა ხანში, თქვენ გაგახარებთ ის, რომ თქვენი შვილი მეტად დამოუკიდებელია და წერისა და კითხვის აღმაფრთოვანებელ უნარებს ივითარებს.

 

მერი ვალანსი, ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW), ექსპერტი აღზრდის საკითხებში, ბავშვთა და ოჯახის თერაპევტი.

 

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

 

წყარო: https://bit.ly/2uaarKE